ქალაქში არსებული პრობლემების შესწავლის, მოსახლეობასთან ერთად პრიორიტეტების განსაზღვრის და მუნიციპალიტეტებისთვის აქტუალური საკითხების მოგვარების მიზნით, გრძელდება ღია შეხვედრები მოსახლეობასთან.
აღნიშნულ ფორმატში საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა, მოადგილეები მაია დოლბაია და თორნიკე კირთაძე საკრებულოს წევრებთან ერთად ცენტრის და მალთაყვის უბნებში – გურიის #179 მიმდებარე, ასევე კომაროვის და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაზე კორპუსების მაცხოვრებლებს შეხვდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობისგან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები მოისმინეს. ძირითად საჭიროებებად წყალარინების სისტემის გამართვა, ფასადების მოპირკეთება, ქალაქის გამწვანება, ეზოებში საბავშვო ატრაქციონების განთავსება, ტროტუარებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასახელდა. შეხვედრებზე ერთობლივად იმსჯელეს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. „-ყველანაირად შევეცდებით ის პრობლემატური საკითხები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს ეტაპობრივად მოგვარდეს და მოწესრიგდეს. მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის ინტერესები და თხოვნები“ – განაცხადა ალექსანდრე ტყებუჩავამ.
საკრებულოს წევრებმა გამოთქვეს მზაობა შეხვედრების გაგრძელების, რათა მოსახლეობა უფრო აქტიურად ჩაერთოს ქალაქის სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაში.