საკრებულოს წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ, ადგილობრივების საჭიროებებს ისმენენ და არსებული საკითხების მოგვარების გზებზე ერთობლივად მსჯელობენ.
ამჯერად საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა, მოადგილე თორნიკე კირთაძე და საკრებულოს წევრები ნაბადის უბანში, ჯიქიას #5; #7 და კუნძულის უბანში აღმაშენებლის #30 კორპუსების მაცხოვრებლებს შეხვდნენ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ერთობლივად განიხილეს არსებული საჭიროებები.
მოსახლეობამ მთავარ პრობლემებად მინი სპორტული მოედნის და საბავშვო ატრაქციონების განთავსება, წყალარინების სისტემის გამართვა, სანიაღვრე არხების გადასავლელზე ცხაურების მოწყობა და ფასადის მოპირკეთება დაასახელა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით შეხვედრებზე წამოჭრილი პრობლემების გადაჭრა ეტაპობრივად მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოხდება. ღია შეხვედრების მთავარი მიზანი, სწორედ ამ საჭიროებების გამოვლენა და მათზე დროული რეაგირებაა, რისთვისაც მუნიციპალიტეტი მუშაობას აქტიურად აგრძელებს.