ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (USAID) ინსტიტუციური განვითარების ცენტრმა გაცნობით-საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შალვა სარდალიშვილი, აპარატის უფროსი ლელა ჩიჩუა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი თეონა ახალაია და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ინსტიტუციური განვითარების ცენტრი არის ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის დინამიური ჰაბი, რომელიც ინდივიდებსა და ორგანიზაციებს ორგანიზაციული განვითარების ცოდნის, მეთოდოლოგიის, კვლევებისა და გამოცდილების ფართო სპექტრს სთავაზობს.
ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს იდეების გაცვლას, მსოფლიოში დანერგილი საუკეთესო პრაქტიკის გაცნობას და თანასწორ განმანათლებლობას.
ცენტრში წარმოდგენილია ინსტიტუციური განვითარების რესურსები, გზამკვლევები და სახელმძღვანელოები, ასევე – ვიდეო ლექციები, ვებინარები და ტრენინგები თემებზე: ორგანიზაციული მოწყობა და განვითარება; ადამიანური რესურსების მართვა; ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია; საზოგადოებასთან ურთიერთობები და კომუნიკაცია; ფინანსური მართვა; სამუშაოს შესრულების ხარისხის მართვა; ლიდერობა და სტრატეგია; ინფორმაციული ტექნოლოგიების ოპტიმიზაცია და სხვა.
აღნიშნულ რესურსებს სხვადასხვა სფეროს მუშაკები პროფესიული უნარების ასამაღლებლად, ხოლო ორგანიზაციები, სამუშაოს შესრულების ხარისხისა და ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად გამოიყენებენ.
ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.
შეხვედრას სხვადასხვა რეგიონიდან ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.