საკრებულოს ნიკო ნიკოლაძის სხდომათა დარბაზში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.
სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მაია დოლბაია ხელმძღვანელობდა მოისმინეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში გენდერული თანასწორობის მიმართულებით გათვალისწინებული პროგრამების შესრულების 2022 წლის 8 თვის ანგარიში და ქალაქ ფოთში ოჯახში ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ მიმდინარე წლის აგვისტოს ჩათვლით ინფორმაცია;
ასევე, იმსჯელეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანოებში, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიული პირებში, დაწესებულებებში სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკის სარეკომენდაციო დოკუმენტის მიღების შესახებ და გენდერული საბჭოს საკუთარი ლოგოს მიღების მიზანშეწონილობის თაობაზე.
შეხვედრის მონაწილეებმა იმ ძირითად საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებიც ქალაქ ფოთში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს.ისაუბრეს მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მათი ცნობიერების ამაღლების კუთხით განსახორციელებელ ღონისძიებებზე და უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით საკუთარი წინადადებები წარმოადგინეს.
სხდომაზე საბჭოს წევრებმა მომავალი აქტივობები და სამომავლო გეგმები განიხილეს.