ფოთში, CPMR-ის (პერიფერიული საზღვაო რეგიონების კონფერენცია) წევრი რეგიონების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მთავარი სამუშაო თემა – შავი ზღვისა და ბალკანეთის ზღვის პორტების პოტენციალი და ლურჯი ეკონომიკის მომავალი იყო. შეხვედრა ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ფოთის საზღვაო სასწავლებლის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილებთან ერთად ონლაინ ფორმატში CPMR-ის ბალკანეთისა და შავი ზღვის კომისიის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი ,,CPMR“-ის (Conference of peripheral maritime regions) წევრია. ორგანიზაცია წარმოადგენს საზღვაო რეგიონების კავშირს, რომელიც აერთიანებს 24 ქვეყნის 150-ზე მეტ რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებული სახელმწიფოებიდან. კავშირი აერთიანებს ქვეყნებისა და რეგიონების 200 მილიონამდე მოქალაქეს. ორგანიზაციის მიზანია მხარი დაუჭიროს წევრი რეგიონების საზღვაო საკითხების განვითარებას.