ქალაქ ფოთის საჯარო ბიბლიოთეკაში ,,მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის“ ფარგლებში, განხორციელებულ აქტივობებში ჩართული მონაწილეებისთვის შემაჯამებელი ღონისძიება მოეწყო.
კვირეულის ფარგლებში, საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის ჩატარდა კონკურსი საუკეთესო პოსტერის შექმნაზე. გამარჯვებულ მოსწავლეებს მერის მოადგილეებმა და სპეციალურად შექმნილმა ჟიურიმ მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსის ვაუჩერები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
შეხვედრაზე, ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფოთის მერიის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების, კულტურისა და სპორტის სამსახურების მიერ წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია თემაზე „ენერგოეფექტურობა და მთავარი გამოწვევები“.
,,მდგრადი ენერგეტიკის ევროპული კვირეული“ ევროკავშირის ინიციატივით 2006 წლიდან აღინიშნება და ევროკავშირის კლიმატის და ენერგეტიკული პოლიტიკის პოპულარიზაციას ემსახურება. ენერგეტიკული პოლიტიკის განსახორციელებლად ევროკავშირში შექმნილია ,,მერების შეთანხმების“ პროგრამა, რომელიც აერთიანებს ევროპის ათასობით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, რომელთა შორისაა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი.
ფოთის მერია მდგრადი ენერგეტიკის მიმართულებით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებას აქტიურად გააგრძელებს.