საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი წარმოადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ, მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილებების ერთობლიობას.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შემოსულობების გეგმა შეადგენს 28 110,3 ათ. ლარს (რაც 4580,3 ათ. ლარით აღემატება 2022 წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მაჩვენებელს -23 530,0 ათ. ლარს). მათ შორის:
- გადასახადებიდან შემოსავლების გეგმა შეადგენს 22 471,2 ათ. ლარს.
- გრანტებიდან შემოსავლები გათვალისწინებულია 320,0 ათ. ლარი.
- სხვა შემოსავლები – 4 719, 1 ათ. ლარი.
- არაფინანსური აქტივების კლებიდან შემოსული შემოსავლის გეგმა შეადგენს 600,0 ათ. ლარს.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ასიგნება (გადასახდელები) პროექტის მიხედვით შეადგენს 28 110,3 ათ. ლარს, რაც 4580,3 ათ. ლარით აღემატება 2022 წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მაჩვენებელს (23 530,0 ათ. ლარი). თანხა 28 110,3 ათ. ლარი, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილდა შემდეგნაირად:
ინფრასტრუქტურის განვითარებაზე პროექტით გათვალისწინებულია 5730,7 ათ. ლარის ხარჯები, მათ შორისაა: საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება – 583,3 ათ. ლარი; გარე განათება – 662,1 ათ. ლარი; სანიაღვრე არხებისა და სატუმბო სადგურების მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია – 1 010,1 ათ. ლარი; ბინათმშენებლობა – 594,9 ათ. ლარი; კეთილმოწყობის ღონისძიებები – 345,0 ათ. ლარი; სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება – 300,0 ათ. ლარი; ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის პროექტირება – 500,0 ათ. ლარი; საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება – 350,0 ათ. ლარი; ცენტრალური პარკის ხელშეწყობა – 600,0 ათ. ლარი; მუნიციპალური ინსპექციის ხელშეწყობა – 400,0 ათ. ლარი; სერვისების ცენტრის ხელშეწყობა – 385,3 ათ. ლარი.
დასუფთავება და გარემოს დაცვის ღონისძიებებზე სულ გათვალისწინებულია 2 455,0 ათ. ლარი, მათ შორისაა: დასუფთავება და ნარჩენების გატანა – 1 624,3 ათ. ლარი; დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირება – 125,4 ათ. ლარი; გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობა – 550,0 ათ. ლარი; უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია – 155,3 ათ. ლარი.
განათლება – ამ სფეროს დაფინანსებისათვის, რომელიც მოიცავს სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირებას, გათვალისწინებულია 3 350,0 ათ. ლარის ხარჯები.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი – პროექტი ითვალისწინებს 4 953,0 ათ. ლარის ხარჯებს. მათგან, სპორტის სფეროს განვითარებაზე გათვალისწინებულია 3 083,0 ათ. ლარი, ხოლო კულტურის სფეროს განვითარებაზე 1800,0 ათ. ლარი. კულტურულ ღონისძიებებზე გამოყოფილია 160,0 ათ. ლარი, ხოლო სპორტულ ღონისძიებებზე – 195,0 ათ. ლარი. რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა ითვალისწინებს 70,0 ათ. ლარის ხარჯებს. მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსის ხელშეწყობის ხარჯები 750,0 ათ. ლარია.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კუთხით პროგრამების დაფინანსებისათვის პროექტით გათვალისწინებულია 4055,0 ათ. ლარი. აქედან, ჯანდაცვის პროგრამებზე – 700,0 ათ. ლარი; სოციალური დაცვის პროგრამებზე – 945,0 ათ. ლარი; სოციალური მომსახურების ცენტრის ხელშეწყობა 1250,0 ათ. ლარი; ფოთის სატრანსპორტო კომპანიის სუბსიდირება 1 მლნ ლარია.
მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები – პროექტით გათვალისწინებულია 7 566,6 ათ. ლარი. მათ შორისაა: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო – 1 925,5 ათ. ლარი; ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია – 4 356,3 ათ. ლარი; სამხედრო გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური – 150,0 ათ. ლარი; სარეზერვო ფონდი – 150,0 ათ. ლარი; მუნიციპალიტეტის ვალდებულებების მომსახურების დაფარვა – 964,8 ათ. ლარი, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებების ფინანსური უზრუნველყოფა – 20,0 ათ. ლარი.
ბიუჯეტის პროექტს საკრებულო 25 დეკემბრამდე განიხილავს და დაამტკიცებს.