2023 წლის 21 მარტს, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში (ქ. ფოთი, აღმაშენებლის ქ. #12) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სექსუალური შევიწროების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მაია დოლბაია, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნანა ვეკუა, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან, საჯარო მოხელეებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ესწრებოდნენ. თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს სექსუალური შევიწროების და დისკრიმინაციის პრევენციის საკითხები გააცნეს. ყურადღება გამახვილდა სექსუალური შევიწროების არსსა და სექსუალური შევიწროების პრევენციის შიდა მექანიზმის შემუშავების საკითხზე.
კერძოდ, მონაწილეებმა მოისმინეს, თუ რას გულისხმობს სექსუალური შევიწროება და რა ფორმებით გამოიხატება იგი, როგორია მისი ამოცნობის ინდიკატორები და რა მტკიცებულებებით შეიძლება სექსუალური შევიწროების ფაქტის დადასტურება.გარდა აღნიშნულისა, მონაწილეები გაეცნენ სახალხო დამცველის პრაქტიკას სექსუალური შევიწროების საქმეებზე და კონკრეტული პრაქტიკული მაგალითების განხილვის გზით, გაიღრმავეს ცოდნა სექსუალური შევიწროების იდენტიფიცირების მიმართულებით. საინფორმაციო შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რომლის დროსაც მონაწილეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მოისმინეს.