ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა მრჩეველთა საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ბექა ვაჭარაძემ სხდომის დაწყებამდე, საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისთვის და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერის სრული მზაობა.
საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები განიხილეს, მათ შორის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2024-2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი და ოქტომბრის თვეში დაგეგმილი ნიკო ნიკოლაძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული ღონისძიებები. ქალაქის მერმა აღნიშნულ და სხვა მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე, საბჭოს წევრების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, მერთან არსებული სათათბირო ორგანოა, რომელიც საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით. საბჭო 13 წევრისგან შედგება და იგი სამოქალაქო სექტორის, კულტურის, განათლების,ჯანდაცვის სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს.
საბჭოს შექმნის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის, სამოქალაქო ინიციატივების, რეკომენდაციების, მოსაზრებებისა და რჩევების შემუშავება და წარდგენის პროცესის ხელშეწყობა.