ქალაქ ფოთსა და რუმინეთის ქალაქ კონსტანცას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
განზრახვის წერილს ხელი ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და კონსტანცას მერმა, ვერგილ ჩიტაკმა მოაწერეს.
შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობას ტურიზმის, ეკოლოგიის, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტისა და ტრანსპორტის, ასევე, ეკონომიკური და ადგილობრივი საჯარო მმართველობის სფეროებში.
ფოთის მერთან გამართულ შეხვედრას რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – რაზვან როტუნდუ, რუმინეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე – სილვიუ დამიანი, კონსტანცას მერის მრჩეველი – დორუ იორდაჩე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გვანცა გვაძაბია და მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სამსახურის უფროსი ნინო გვასალია ესწრებოდნენ.
დელაგაციის წევრები, ქალაქის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ,,ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელ ცენტრს“ ეწვივნენ, დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა და თანამედროვე სტიმულატორებით აღჭურვილი ლაბორატორია.
ბექა ვაჭარაძემ, ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებს ქალაქის ღირშესანიშნაობები დაათვალიერებინა, მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა, ფოთის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო.