ქალაქ ფოთს რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – რაზვან როტუნდუ, რუმინეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე – სილვიუ დამიანი და კონსტანცას მერის მრჩეველი – დორუ იორდაჩე ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ფოთსა და რუმინეთის ქალაქ კონსტანცას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობას ტურიზმის, ეკოლოგიის, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტისა და ტრანსპორტის, ასევე, ეკონომიკური და ადგილობრივი საჯარო მმართველობის სფეროში.
საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა და ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე დელეგაციის წევრებთან ერთად, ,,ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელ ცენტრს“ ეწვივნენ სადაც თანამედროვე სტიმულატორებით აღჭურვილი ლაბორატორია და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
სტუმრებს საკრებულოს თავმჯდომარემ და მერმა ფოთის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო. შეხვედრაზე ისაუბრეს მიმდინარე პროექტებზე და განიხილეს ერთობლივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.
დღის ბოლოს დელეგაციამ ქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა.