ფოთში, 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა მაია დოლბაიამ და შალვა სარდალიშვილმა საკრებულოს წევრებთან, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ობელისკი 7 აგვისტოს ღამით ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს.
დღეს, 8 აგვისტოს საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ბაზაზე, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად ასევე გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი.
2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის აგრესიის დროს, ტაქტიკური რაკეტებით ქალაქ ფოთში, დაბომბილ იქნა სანაპირო დაცვის ბაზა, ყოფილი სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზა და სავაჭრო ნავსადგური, რის შედეგადაც დაიღუპა ხუთი და დაიჭრა ოცდათორმეტი მეომარი.
სულ ფოთში, დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაიჭრა.
დღესვე, საკათედრო ტაძარში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.














