ფოთში, აკადემიკოს შალვა ამონაშვილის საჯარო შეხვედრები გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში, შალვა ამონაშვილი შეხვდა ქალაქის საგანმანათლებლო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, მშობლებსა და დაინტერესებულ მსმენელს, კერძოდ: თვითმმართველობის წარმომადგენლებს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისა და სკოლის პედაგოგებს, ასევე იმყოფებოდა წმინდა ნიკოლოზის სკოლაში და კოლეჯ “ფაზისში”. მენტორმა ისაუბრა ჰუმანური პედაგოგიკის მიდგომებზე, საგანმანათლებლო სფეროს გამოწვევებსა და პოზიტიურ მშობლობაზე, პედაგოგის როლსა და მიდგომებზე სასკოლო ცხოვრებასთან მიმართებაში. გასცა ბევრი რჩევა და რეკომენდაცია, უპასუხა დასმულ კითხვებს. მთელი დღის განმავლობაში 4 განსხვავებულ ლოკაციაზე მიმდინარეობდა შეხვედრები.
აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი არის პედაგოგი და ფსიქოლოგი. 2000 წლიდან არის ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, ხოლო 2014 წლიდან ამავე ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი. იგი ასამდე ქვეყნის საპატიო დოქტორია და ლექციების წასაკითხად მსოფლიოს მრავალ ქალაქში იწვევენ.