დღეს, 20 ნოემბერს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში 2024 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ტყებუჩავამ მიმართა, მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას განხილვაში აქტიური მონაწილეობისათვის. როგორც თავმჯდომარემ აღნიშნა მთავარი საფინანსო დოკუმენტი მაქსიმალურად არის მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.
ბიუჯეტის პროექტი, საჯარო მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსმა ვასილ თოდუამ წარადგინა.
2024 წლის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 2 მილიონ 981, 9 ათასი ლარით იზრდება და 32 მილიონ 5222, 2 ათას ლარს შეადგენს.
2024- 2027 წლების დოკუმენტის პროექტის მიხედვით პრიორიტეტად ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ინფრასტრუქტურის საკითხები, ასევე განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობის, ტურიზმისა და სპორტის მიმართულებები რჩება.
2024-2027 წლის მუნიციპალიტეტის სტრატეგია მოიცავს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას.
ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას საკრებულოს წევრები, მერიის წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები და ქალაქის საზოგადოება ესწრებოდა.
საჯარო განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დარბაზში შეკრებილმა მოქალაქეებმა თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები გამოთქვეს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტით შემოსულობების გეგმა შეადგენს 32 522,2 ათ. ლარს, რაც 2981,9 ათ. ლარით აღემატება 2023 წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მაჩვენებელს, რომელიც შეადგენდა 29 540,3 ათ. ლარს. აღნიშნული ზრდა ძირითადად განპირობებულია დამატებითი ღირებულების გადასახადის და ქონების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლების ზრდით.
2023 წლის ბიუჯეტის ქონების გადასახადის მაჩვენებელი შეადგენდა 14 100,0 ათ. ლარს, 2024 წ. ბიუჯეტის პროექტით ქონების გადასახადი განსაზღვრულია 16 000,0 ათ. ლარით, ანუ 1 900,0 ათ. ლარით მეტი. 2023 წლის ბიუჯეტის დამატებითი ღირებულების გადასახადის მაჩვენებელი შეადგენდა 8 371,2 ათ. ლარს, 2024 წ. ბიუჯეტის პროექტით დამატებითი ღირებულების გადასახადი განსაზღვრულია 10 745,0 ათ. ლარით, ანუ 2373,8 ათ. ლარით მეტი.
2024 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული 32 522,2 ათ. ლარის შემოსულობები შედგება შემდეგი მაჩვენებლებისგან:
- გადასახადებიდან შემოსავლების გეგმა შეადგენს 26 745,0 ათ. ლარს.
- გრანტებიდან შემოსავლები გათვალისწინებულია 267,2 ათ. ლარი.
- სხვა შემოსავლები – 4 910,0 ათ. ლარი.
- არაფინანსური აქტივების კლებიდან შემოსული შემოსავლის გეგმა შეადგენს 600,0 ათ. ლარს.
პრიორიტეტების მიხედვით, ხარჯები გათვალისწინებულია:
I. ინფრასტრუქტურის განვითარება – 2024 წლის პროექტით გათვალისწინებულია 6940,1 ათ. ლარის სამუშაოების შესრულება, რაც 983,2 ათ. ლარით აღემატება 2023 წლის გეგმიურ მაჩვენებელს (5956,9 ათ. ლარი).
II. დასუფთავება და გარემოს დაცვა – 2024 წლის პროექტით გათვალისწინებულია 3317,5 ათ. ლარის ხარჯები, რაც 2023 წლის გეგმიურთან (2606,8 ათ. ლარი) შედარებით 710,7 ათ. ლარით არის გაზრდილი.
III. განათლება – 2024 წლის პროექტით გათვალისწინებულია 3800,0 ათ. ლარის ხარჯები. 2023 წელსაც გეგმა შეადგენდა 3800,0 ათ. ლარს საკუთარი შემოსავლებით. პროექტით გათვალისწინებული 3800,0 ათ. ლარი უნდა მოხმარდეს სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირებას.
IV. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი – 2024 წლის ბიუჯეტის პროექტით ხარჯები შეადგენს 5693,7 ათ. ლარს, რაც 413,7 ათ. ლარით მეტია 2023 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით (5280,0 ათ. ლარი).
V. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გეგმა შეადგენს 4480,3 ათას ლარს, რაც 255,3 ათ. ლარით მეტია 2023 წლის გეგმიურ მაჩვენებელზე (4225,0 ათ. ლარი) შედარებით.
VI. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები – 2024 წლის პროექტით არის 8290,6 ათ. ლარი, 2023 წლის გეგმიურთან შედარებით (7671,6 ათ. ლარი) გაზრდილია 619,0 ათ. ლარით.
ბიუჯეტის პროექტს საკრებულო 25 დეკემბრამდე განიხილავს და დაამტკიცებს.
Escort