ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ალექსანდრე ტყებუჩავას
ხელმძღვანელობით საკრებულოს 2024 წლის პირველი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრის,
შესაბამისი ინსტრუქციის და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ” პროექტს
მხარი დაუჭირეს, რომელიც ქალაქისათვის დამატებით შემოსავალს წარმოადგენს ,რაც
მნიშვნელოვნად აისახება ქალაქის ბიუჯეტზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარემ ფოთელებს და დამსწრე
საზოგადოებას საპორტო ქალაქებში ადგილობრივი საკონტეინერო მოსაკრებლის შესახებ
კანონპროექტის დამტკიცება მიულოცა და ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარ
დეპუტატს გიორგი ხახუბიას და ქალაქის მერს ბექა ვაჭარაძეს საპარლამენტო
ინიციატივის წარდგენისა და ჩართულობისთვის, ხოლო საქართველოს მთავრობას და
პარლამენტის წევრებს აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
სხდომის დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მე-7 მოწვევის
საკრებულოს ფოთელი მოსახლეობის წინაშე განსაკუთრებული ვალდებულება გააჩნია
და, რომ სიმბოლურიცაა ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში ქალაქის
წინსვლის, წარმატების და გაძლიერებისთვის მიღებული აღნიშნული პროექტის
მხარდაჭერა.
საკრებულოს სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული
შვიდი საკითხი:
1.„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 დეკემბრის №14/37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრის, შესაბამისი ინსტრუქციის და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 ივლისის №18/24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვრის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 იანვრის #2/5 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ.
5.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე 40.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.16.060) ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით 10 (ათი) წლის ვადით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
6. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, პეტრე იბერის ქუჩა №23-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები 04.01.12.271; 04.01.12.273; 04.01.12.275) ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით 5 (ხუთი) წლის ვადით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
7.,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19 აპრილის, №4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
საკრებულოს სხდომაზე მიღებულ იქნა ოთხი განკარგულება და სამი დადგენილება.