ქალაქ ფოთში, დღეს „მედლოგის“ განახლებული ტერმინალის და ოფისის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას, ქალაქის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი თოლორდავა ესწრებოდნენ.
MSC Mediterranean Shipping Company S.A. (MSC Geneva) საქართველოში 2009 წლიდან მოღვაწეობს. 2019 წელს ემ-ეს-სი ჯგუფის გადაწყვეტილებით ქვეყანაში დამოუკიდებელ კომპანიად ოპერირება ლოჯისტიკურმა ჯგუფმა „მედლოგმა“ დაიწყო. დღეისათვის ტერმინალის ტერიტორია შეადგენს 70,000 კვ.მ-ს. სრულიად განახლებულია სატერმინალო ინფრასტრუქტურა, კერძოდ:
ტერიტორია მთლიანად მოპირკეთებულია ბეტონის სამანქანე ფილებით;
აშენდა მექანიზაციის სახელოსნო;
განვითარდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რაც მოიაზრებს ახალი ჩიხის მოწყობასა და არსებულის განახლებას. ეს კი საშუალებას აძლევს ტერმინალს, აქამდე არსებულზე ორჯერ მეტი, ანუ 40 ვაგონი მიიღოს და დაამუშაოს ერთდროულად;
მიმდინარეობს ამწე-დანადგარების განახლება-ჩანაცვლების პროცესი – ამჟამად ტერმინალი აღჭურვილია 6 ერთეული თანამედროვე კონტეინერმზიდით;
დასაქმებულია 120 ადგილობრივი სპეციალისტი.
„მედლოგ ფოთის“ ტერმინალი უკვე სრული დატვირთვით ოპერირებს და მისი გამტარობა 3000 TEU-დან 5000 TEU-მდე გაიზარდა.
რეგიონში ლოჯისტიკური პროცესების ხელშეწყობისა და კლიენტთა მომსახურების გამარტივების მიზნით, 2024 წლის იანვრიდან ქალაქ ფოთში მედლოგი და ემ-ეს-სი ჯორჯია კლიენტებს ერთი ოფისიდან მოემსახურება. თანამედროვედ აღჭურვილი ოფისი მდებარეობს მედლოგის ტერმინალის ტერიტორიაზე.