ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სიახლეა.
მალთაყვაში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ნიჩბოსნობის და კანოეს ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს.
ფოთში, წყლის სპორტული სახეობები ისტორიულ და ტრადიციულ მნიშვნელობას ატარებს. ის ყოველთვის იყო ინტერესის სფერო როგორც ადგილობრივი ,ისე საერთაშორისო სპორტსმენებისთვის. სწორედ ფოთიდან იყო ლეგენდარული ნიჩბოსანი ვიქტორ კრატასიუკი, რომელმაც 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა.
აღნიშნული პროექტი კიდევ გააქტიურებს და გააცოცხლებს, ინტერესს წყლის სპორტული სახეობების მიმართ, რომელიც წლების წინ არსებობდა და ფოთში სპორტული ტურიზმის განვითარების პერსპექტივას გააჩენს.
ბაზა მოიცავს სპორტსმენების სავარჯიშო, საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს. ხოლო აღნიშნული პროექტის ჯამური ბიუჯეტი 6 628 698 ლარს შეადგენს. ნიჩბოსნობის და კანოეს ბაზა შემოდგომამდე, საერთაშორისო ტურნირით გაიხსნება.
სპორტული ბაზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, სპორტსმენები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სივრცეში შეძლებენ ვარჯიშსა და შეჯიბრებებში მონაწილეობას. შედეგად, ნიჩბოსნობასა და კანოეში საქართველოს დიდი სპორტული ტრადიციები სათანადოდ აღდგება.
მადლობას ვუხდი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალბატონი თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, იმ მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტებისთვის, რომელიც ჩვენს ქალაქ ფოთში ხორციელდება და სამომავლოდ იგეგმება.