ფოთში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების კურსებზე მიღება იწყება. პროექტი ხორციელდება საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების გენდერული სერვისების პროგრამის ფარგლებში. კურსი განკუთვნილია ფოთში მცხოვრები ქალებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ დაეუფლონ ავტობუსის მძღოლის პროფესიას.
️ პროექტის „ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების უფასო კურსის“ პრეზენტაცია წარადგინა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების გენდერული სერვისების პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ესაკიამ.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ მაია დოლბაიამ.
D კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად მონაწილეები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. პროექტი ხორციელდება „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების გენდერული საკონსულტაციო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, EY საქართველოს დახმარებითა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია საქართველოს მუნიციპალურ სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და ინკლუზიური სატრანსპორტო მომსახურების ხელშეწყობა, ქალების ეკონომიკური გაძლიერება და სატრანსპორტო სექტორში ქალთა როლის გაზრდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სოციალური კომისიის თავმჯდომარე ნანა ვეკუა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.