ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აეროლოგიური დაკვირვების სადგური გაიხსნა!
ფოთში დამონტაჟებული აეროლოგიური დაკვირვების სადგური ზომავს ქარის სიჩქარეს და მიმართულებას, ჰაერის ტემპერატურას და ტენიანობას და სხვა აეროლოგიურ მონაცემებს, რომელიც საჭიროა ამინდის პროგნოზისთვის, კლიმატოლოგიური ანალიზისთვის, სოფლის მეურნეობისთვის, წყლის რესურსების მართვისთვის, ავიაციისთვის, მრავალმხრივი საფრთხის შესახებ ადრეული გაფრთხილებისთვის და სხვადასხვა მიზნებისთვის.
აეროლოგიური სადგურის სრულად ამოქმედებისთანავე, სპეციალური ზონდების გაშვება ქ. ფოთიდან განხორციელდება დღე-ღამეში ორჯერ.
აეროლოგიური დაკვირვების სადგურის გახსნის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი, ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხახუბია და ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ესწრებოდნენ.
ადრეული გაფრთხილების ეფექტური სისტემის შექმნა ხელს შეუწყობს სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური ხასიათის მოვლენებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება/შერბილებას.
აღსანიშნავია, რომ სადამკვირვებლო ქსელის გაფართოება საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, კლიმატის მწვანე ფონდის, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ დაფინანსებული, ფართომასშტაბიანი პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.