ფოთში, მდინარე რიონზე, ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ეწყობა ფოლად-რკინა-ბეტონის 8 მალიანი საავტომობილო ხიდი, რომლის სიგრძე 433 მეტრს, ხოლო მისასვლელი გზების სიგრძე, ჯამში, 2 კმ-ს შეადგენს.
ამ ეტაპზე, საგზაო ნაწილში ხორციელდება გრუნტის გამაგრების სამუშაოები, რაც გულისხმობს ვერტიკალური სადრენაჟე ფითილების, ქვის ხიმინჯებისა და საგზაო სამოსის მოწყობას.
ხიდი შედგება ექვსი ბურჯისგან, ოთხი ბურჯის რკინა-ბეტონის სამუშაო დასრულებულია, მიმდინარეობს ბოლო ორი ბურჯისათვის ხიმინჯების საბურღი მოედნის მოსაწყობად აუცილებელი სამშენებლო სამუშაოები.
პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 60.8 მილიონ ლარს შეადგენს.
სამუშაოები 2025 წლის ბოლოს დასრულდება და მას კომპანია ,,Construction Service“ აწარმოებს.
ფოთის ხიდი E60-E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის. შესაბამისად იგი გახდება ძირითადი სატრანსპორტო რგოლი შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის.
მნიშვნელოვანია, რომ ახალი ხიდი უზრუნველყოფს ამჟამად არსებული შემოსასვლელი ხიდის, ჰიდროკვანძის განტვირთვას, რომლის მთავარი ფუნქცია წყლის ნაკადების რეგულირებაა.