ფოთის მერიაში, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქის მერის გოჩა კურდღელიას ხელმძღვანელობით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. მერმა არსებული ეპიდვითარება მიმოიხილა და სამსახურების წარმომადგენლებს რეგულაციების დაცვისა და ზომების კიდევ უფრო გამკაცრების დავალება მისცა.
„ამ ეტაპზე ფოთში ზოგადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები. მონიტორინგი გამკაცრდა მუნიციპალურ ტრანსპორტში, ბაზარსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ობიექტებში. მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მიერ 300-ზე მეტი ობიექტი შემოწმდა. კონტროლი ყოველდღიურ რეჟიმში განხოეციელდება. მაქსიმალურად კოორდინირებულად ვმუშაობთ, რომ ეს მომატებული რისკები ვმართოთ ეფექტიანად და მინიმუმამდე შევამციროთ გავრცელება“ – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.
როგორც მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, ფოთის მუნიციპალიტეტის მერია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება იმ სამსახურებს, რომელთა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლაც შეაფერხებს მერიის მუშაობას.
ფოთის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, გაითვალისწინონ შესაბამისი რეკომენდაციები და მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება.