ფოთში ავტოპარკის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. სრული ფოთის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს COVID-19-ის ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩაუტარდათ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში გრძელდება COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია.
მოსახლეობის ფართომასშტაბიანი და ნებაყოფლობითი, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია დღეს ფოთის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამედიცინო აქციაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის და ფოთის დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების მედიკოსთა ჯგუფები მონაწილეობდნენ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან დევნილებს COVID-19-ის სახლის პირობებში მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და პროგრამის ფარგლებში დევნილ
მოსახლეობას საჭირო მედიკამენტები და პირბადეები გადასცეს. COVID-19-ის საპრევენციო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ფოთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია.
საპრევენციო ღონისძიებები, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით ხორციელდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება.