2021 წლის 25 თებერვალს, 11:00 საათზე გაიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-3 გეგმიური სხდომა, სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე ხელმძღვანელობდა.
სხდომას ესწრებოდნენ ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერიის სამსახურის წარმომადგენლები.
1) არასამეწარმეო იურიდიული პირის – ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის” მიერ წარდგენილი 2020 წლის ანგარიში საკრებულოს სხდომაზე შეფასდა არადამაკმაყოფილებლად. კერძოდ, ანგარიშში წარმოდგენილია იმ ღონისძიებების ნუსხა, რომელიც განხორციელდა 2020 წელს და წარმოჩენილია ის პრობლემები, რომლის აღმოსაფხვრელად ცენტრის მხრიდან არ იდგმება კონკრეტული ნაბიჯები. ცენტრი განიცდის სხვადასხვა მუშა-სპეციალისტთა ნაკლებობას, შედეგად იგი ვერ ახერხებს ელემენტარული სამუშაოების ოპერატიულად ჩატარებას.
🔻საკითხები ეხება ჩატეხილი ხიდბოგირების, ტროტუარების, საცხოვრებელი სახლების კორპუსების, საწვიმარი მილების, სადარბაზოების წყალარინების სისტემის , ასევე დაზიანებული სახურავების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას.
🔻ასევე მოუგვარებელ პრობლემად რჩება ქალაქში მოხეტიალე მსხვილფეხა ცხოველებთან და მაწანწალა ძაღლებთან დაკავშირებული პრობლემები.
🔻ხარვეზია საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანასთან დაკავშირებითაც.
✔️სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი რიგი პრობლემებიდან გამომდინარე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს მიეცა რეკომენდაცია, რომ სპეციალისტთა, დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით ორი კვირის ვადაში მოამზადოს წინადადებები ა(ა)იპ- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საკადრო პოლიტიკის სწორად განსაზღვრა და ბიუჯეტის ეფექტურად გადანაწილება.
,,მინდა მადლობა გადავუხადო ცენტრის სხვადასხვა პროფილის თანამშრომლებს: მეეზოვეებს, მუშებს, ელექტრიკებს ,მძღოლებს,მთიბავებს და ყველა იმ პირს, რომლებიც პირნათლად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. მინდა მათ სწორად ესმოდეთ, რომ ჩვენი რეკომენდაციები რომელიც გავეცით ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის”, ქალაქის მერის და შესაბამისი სამსახურების მიმართ, ემსახურება იმას, რომ მათი შრომა იყოს სათანადოდ დაფასებული და უფრო თვალსაჩინო გახდეს მათი შრომით მიღებული შედეგები ჩვენი ქალაქელებისთვის.” განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ
2) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, ქალაქ ფოთში, მ. კოსტავას ქუჩა N200-ში მდებარე 28876.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 04.02.10.758) არასამეწარმეო იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ტურიზმის ცენტრისთვის” აუქციონის გარეშე ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრისათვის” გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
3) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 4 ერთეული სატრანსპორტო საშუალების OTOKAR NAVIGO LF-ის (რეგისტრაციის ნომრები: WW221WQ; WW223WQ; WW224WQ; WW225WQ) შპს ,,ფოთის სატრანსპორტო კომპანიისთვის” აუქციონის გარეშე გადაცემასთან დაკავშირების თანხმობის მიცემის თაობაზე.
4) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1 ერთეული ხის გადასატანი კონსტრუქციის ნაგებობის (კოტეჯი) სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა, შემდგომში მისი ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით.
5) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, გურიის ქუჩაზე მდებარე 2.00 კვ.მ (საკადასტრო კოდი 04.02.12.806) და დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 7.00 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის (საკადასტრო კოდი 04.01.09.736) ნაკვეთების ელექტრონული აუქციონის სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით.