პროგრამის მართვა
ფენილკეტონურია და ცელიაკია გენეტიკური დაავადებებია. ფენილკეტონურია ღრმა გონებრივ ჩამორჩენას, ხოლო ცელიაკია ფსიქო-ფიზიკური განვითარების შეფერხებას იწვევს. მკურნალობის ერთადერთი საშუალება დიეტოთერაპიაა, რომელიც გულისხმობს ძვირადღირებული სპეციალიზირებული კვებითი დანამატების მიღებას მუდმივად, რაც მძიმე ეკონომიურ ტვირთს წარმოადგენს თითოეული ოჯახისთვის და ხშირად შეუძლებელს ხდის მის ჩატარებას.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ფენილკეტონურიით და/ან ცელიაკიით დაავადებულ პირთა დაფინანსებას კვებითი დანამატების შესაძენად, წელიწადში ერთხელ არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარით.
საჭირო დოკუმენტაცია
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ფენილკეტონურიით/ცელიაკიით დაავადებული პირი ან მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა ახლდეს პროგრამით მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა), მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში – აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ფორმა №100/ა და ანგარიშ-ფაქტურა საქართველოში განთავსებული შესაბამისი დაწესებულებიდან.
დაფინანსებაზე გადაწყვეტილება მიიღება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების (სხდომის ოქმის) საფუძველზე. სამუშაო ჯგუფი მოქალაქეთა განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ ოთხშაბათ დღეს (უქმე დღის შემთხვევაში მომდევნო დღეს), გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე კვირის ნებისმიერ სხვა სამუშაო დღეს.