ფოთში საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა გაიმართა, რომელზეც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი – ადგილობრივ 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის და პროგრამების დამატების შესახებ. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შალვა სარდალიშვილმა წარმოადგინა საკითხი, რომლის მიხედვით წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდაჭერის მიზნით მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნას პროგრამები: ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია (ჯილდო) წარმატებულ სტუდენტებისთვის და პროგრამა – სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდაჭერის შესახებ. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავამ აღნიშნა ეს პროექტები ხელს შეიწყობს ქალაქში მცხოვრები სტუდენტების სწავლის მხარდაჭერასა და წახალისებას
. აქვე საკრებულოს თავმჯდომარემ წარმოადგინა კიდევ ერთი საპროექტო იდეა, რომლის თანახმადაც ფოთში, აქტუალური საკადრო დეფიციტის გათვალისწინებით, მელიორაციის, არქიტექტურის და მშენებლობის ფაკულტეტის სტუდენტების დამატებითი მოტივაციისთვის, მუნიციპალიტეტში დაინერგოს ამ მიმართულებით ხელშეწყობის და მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც მისცემს საშუალებას სტუდენტებს სწავლის დასრულების შემდგომ დასაქმდნენ ამ სფეროში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე.
აღნიშნული საკითხები სრულყოფის და დამატებითი შესწავლის მიზნით გადაეგზავნა საკრებულოს სოციალურ კომისიას.