საკრებულოს სხდომათა დარბაზში პროექტის „პროგრამულ ბიუჯეტში გენდერული ასპექტების გათვალისწინების თაობაზე“ შეხვედრა შედგა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები: მაია დოლბაია, შალვა სარდალიშვილი, საკრებულოს წევრები, მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის ხელმძღვანელები და გადაწყვეტილების მიმღები პირები ესწრებოდნენ.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ (GGLD) პროგრამის ფარგლებში ფოთის მუნიციპალიტეტს 2023 წლის ბიუჯეტში გენდერული ასპექტების გათვალისწინების საკითხში ტექნიკურ მხარდაჭერას გაუწევს, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ყველა ჯგუფის საჭიროებებისა და ქალებისა და კაცების ინტერესების გათვალისწინებას ბიუჯეტში. გენდერზე ორიენტირებული ბიუჯეტის პოლიტიკა კი საბოლოო ჯამში თანხების სამართლიან განაწილებას უწყობს ხელს, რაც თავის მხრივ რესურსების ეფექტიანობასა და საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს.
შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა და მას GIZ-ის მოწვეული ექსპერტი, GIPA-ს ლექტორი ადგილობრივი ბიუჯეტირების საკითხებში ნინო ლოლაძე უძღვებოდა.