საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მაია დოლბაია, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნანა ვეკუა და საკრებულოს წევრი სალომე წულაია აფხაზეთიდან დევნილთა სარეაბილიტაციო, ეკონომიკური და კულტურული აღორძინების ხელშემწყობი ასოციაცია «დიოსკურია»-ს ეწვივნენ და მის საქმიანობას გაეცნენ.
როგორც «დიოსკურია»-ს ხელმძღვანელმა ნონა ხუხიამ აღნიშნა აფხაზეთიდან დევნილთა სარეაბილიტაციო, ეკონომიკური და კულტურული აღორძინების ხელშემწყობი ასოციაცია 2000 წელს ჩამოყალიბდა, რომლის კვლევის მიმართულებებია: იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვა, ხელშეწყობა თემში ინტეგრაციასა და საარსებო წყაროებთან წვდომაში. შშმ პირთა უფლებები, გენდერული პრობლემები და გენდერული პოლიტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, ეკოლოგიური პრობლემები და მისი მოგვარების გზების მოძიება. აქვე ფუნქციონირებს ბიზნესსაინფორმაციო ცენტრი, რომელიც ხელს უწყობს ფოთელ მოსახლეობას მიიღოს ინფორმაცია და განავითაროს ბიზნესუნარები.
2018 წლიდან «დიოსკურიასთან» ჩამოყალიბდა სოციალური საწარმო «ჩვენი გული — მოქარგული» , რომელშიც დევნილი და მოწყვლადი ჯგუფის ქალბატონები გაერთიანდნენ. ისინი ღებულობენ სახელობო უნარებს, ამზადებენ სუვენირებს და სხვადასხვა გამოფენა- გაყიდვებზე რეალიზაციას უკეთებენ ნამუშევრებს.
სტუმრებმა ადგილზე დაათვალიერეს ქალბატონების ნამუშევრები.
მაია დოლბაიამ მეწარმე ქალბატონებს გააცნო ახალი მუნიციპალური გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ქალების მიერ წარმოდგენილი პროექტების 80% დაფინანსებას. კონკურსის საფუძველზე შერჩეული საუკეთესო პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3500 ლარამდე დაფინანსდება.