ქალაქ ფოთში შვეიცარიის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “PACA-კონკურენტული უპირატესობის ამაღლება თანამონაწილოების გზით” ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გაიამართა, რომელსაც ესწრებოდა შვეიცარიის განვითარების ფონდის წარმომადგენელი, გერმანული ორგანიზაცია Mesopartner –ის ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესის, ტურიზმის, კულტურისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები.
დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია სამუშაო შეხვედრების, ფოკუს-ჯგუფებისა და ინტერვიუების ანალიზის შედეგების შესახებ, ასევე განხილულ იქნა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი ინიციატივები პრიორიტეტული სექტორების: ტურიზმის, ლოჯისტიკის და თევზის მრეწველობის მიმართულებით. შეხვედრაზე, მოქალაქეთა ჩართულობით გამოვლინდა მათთვის საინტერესო ინიციატივები, რომლის შესაბამისად დაიგეგმება განხორციელების პროცესი.
PACA- სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური სამუშაოები, რომლის ფარგლებში გამოკითხულ იქნა ტურიზმის, ლოჯისტიკის, თევზის მრეწველობისა და დამხმარე ორგანიზაციების 70-მდე წარმომადგენელი. კვლევების შედეგად განისაზღვრა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ასპექტები, გამოიკვეთა კონკურენტული უპირატესობების ძლიერი და სუსტი მხარეები. სექტორების მიხედვით გამოვლინდა ინიციატივები, რომლის განხორციელება უზრუნველყოფს ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას და ტურისტული პოტენციალის გაზრდას.
პროექტი ხორციელდება ეროვნულ სამუშაო ჯგუფთან – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამა, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა თანამშრომლობით და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით.