ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა მაია დოლბაიამ და შალვა სარდალიშვილმა, ასევე მერის მოადგილე დავით კვიციანმა მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკურ ფორუმში “გენდერული თანასწორობისთვის”, რომელიც ყოველწლიურად იმართება.
ფორუმი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.
მონაწილეებს ასევე მიესალმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი.
მონაწილეებმა განიხილეს გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური საკითხები. ასევე გაიმართა მსჯელობა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე.
ფორუმი დასრულდა ახალგაზრდული ჯგუფების გამოსვლით, რომლებმაც მმართველობაში თანასწორობის გაზრდის გზებზე ისაუბრეს და საქართველოს სამომავლო პოლიტიკის საკუთარი ხედვა წარმოადგინეს.
ფორუმის მასპინძლები გახლდნენ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი.
ღონისძიებას პოლიტიკოსები, საჯარო მოხელეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა ჩატარდა საქართველოს პარლამენტისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებითა და დანიისა და შვედეთის მხარდაჭერით.