21 მარტს, ყოველწლიურად, მილიონობით ადამიანი ერთიანდება დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით. წელს საქართველო მეთორმეტედ აღნიშნავს ამ დღეს.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა დაუნის სინდრომის დღის აღსანიშნავად გამართა ღონისძიება, იმ იდეით, რომ აუცილებელია, ინკლუზიური გარემოს შექმნა, რათა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა სრულყოფილად ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში და იცხოვრონ თავისუფალ, თანასწორ და მშვიდობიან გარემოში. წლევანდელი გზავნილიც – „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ სწორედ ამას ემსახურება.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ბენეფიციარებისა და მათი ოჯახებისთვის მოეწყო გასართობი კონცერტი. ღონისძიების ბოლოს მათ გადაეცათ საჩუქრები.
ასევე, ამ დღის აღმნიშვნელ „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიციას“ (Lot`s of Socks), რომელიც მსოფლიოში 2013 წლიდან დამკვიდრდა, ქალაქ ფოთის მერიაც შეუერთდა. 2023 წლის კამპანიის წინდები ქოლგიანი დიზაინითაა, რომელიც ლექსო ფოდიაშვილის, დაუნის სინდრომის მქონე მხატვრის ნახატის ესკიზებითაა შექმნილი.
სოციალური საწარმო „ბაბალეს“ წინდების შეძენით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის “გიგოს ფონდს”, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ჯანმრთელობის პრობლემების ხარჯებს აგვარებს.