ფოთის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური ტექნიკა გადაეცა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ”, ქალაქს დასუფთავებისთვის საჭირო მანქანა და 500 ერთეული ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერი საჩუქრად გადასცა.
ღონისძიებას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, ბექა ვაჭარაძე ესწრებოდნენ.
ასევე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია, 6 ერთეული პიკაპის ტიპის, 1 ერთეული ქუჩის მექანიკური დამგველისა და სანაპირო ზოლის მოწესრიგებასთან დაკავშირებით აუცილებელი ტექნიკის შეძენა.
პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.