ქალაქ ფოთში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას და მუნიციპალიტეტს შორის, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარ მიზანს ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შემუშავება წარმოადგენდა. მხარეებმა განიხილეს მუნიციპალიტეტის საჭიროებები, გამოწვევები და “თანა-შექმნის“ პრინციპით განისაზღვრა ის პრიორიტეტული სფეროები, რომელთა მხარდაჭერა პროგრამას შეუძლია მუნიციპალური მმართველობის სისტემების გაუმჯობესების და მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული საჯარო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად. USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რათა იმუშაონ სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზნების მისაღწევად. პროგრამის საშუალებით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო მხარს დაუჭერს, სულ მცირე, 22 მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს დამატებითი მუნიციპალიტეტების ჩართვას სასწავლო, გამოცდილების გაზიარების და ინფორმაციის გაცვლა-გავრცელების აქტივობებში.