2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეა.
რამსარის კონვენციამ, 1997 წლიდან, კოლხეთის ეროვნულ პარკს საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების სტატუსი მიანიჭა. ამ დღის აღასნიშნავად ფოთის საგამოფენო დარბაზში, ცნობიერების ამაღლებისათვის პრეზენტაცია მოეწყო, რომლსაც ქალაქის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი დაესწრო.
რამსარის კონვენცია პირველი გლობალური საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც მთლიანად ეძღვნება ერთი ტიპის ეკოსისტემას.კონვენცია უზრუნველყოფს წყალჭარბი ტერიტორიების შენარჩუნებას და წყლის ფრინველების არსებობისათვის აუცილებელ საბინადრო ადგილების დაცვას მთელს მსოფლიოში.
ჭარბტენიან ტერიტორიას საერთაშორისო სტატუსი რომ მიენიჭოს, იგი სამი კრიტერიუმიდან ერთ-ერთს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს: იყოს მოცემული გეოგრაფიული რეგიონისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ჭარბტენიანი მხარე; გამოირჩეოდეს ბიომრავალფეროვნებით და წარმოადგენდეს ადგილობრივი და გადამფრენი ფრინველების დასასვენებელ ან გამოსაზამთრებელ ადგილს. კოლხეთის ჭაობები უნიკალურია იმით, რომ სამივე პირობას აკმაყოფილებს.
2021 წელს საქართველოს 4 დაცული ტერიტორია: კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცულ ტერიტორიები, კინტრიშის დაცული ტერიტორიები და მტირალას ეროვნული პარკი, როგორც უნიკალური კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები, აღიარებულია UNESCO – მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მქონე უბნებად. მსოფლიო მასშტაბით ეს სტატუსი მხოლოდ 213 ტერიტორიას აქვს. აღნიშნული სტატუსის მინიჭებით საქართველოს უნიკალური ბუნება კიდევ ერთხელ გამოჩნდა მსოფლიო მასშტაბით რუკაზე, როგორც გამორჩეული უნიკალური ბიომრავალფეროვნების მქონე ქვეყანა, რაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მნიშვნელობისაა.
კოლხეთის ეროვნული პარკის ჭარბტენიანი ტერიტორია მოიცავს:
• შავი ზღვის სანაპიროს ცენტრალურ ნაწილს;
• მდინარე რიონის შესართავს;
• ჭურიის, ნაბადას და ფიჩორა-პალიასტომის უბნებს და პალიასტომის ტბას. ჭარბტენიანი ტერიტორიები ასრულებს სხვადასხვა ეკოლოგიურ ფუნქციებს:
• არეგულირებს წყლის რეჟიმს და ბიომრავალფეროვნების წყაროებს გენეტიკისა და ეკოსისტემის დონეზე;
• ასრულებს ერთგვარი ბუფერის როლს ხმელეთსა და ზღვას შორის;
• გამოირჩევა დიდი ეკონომიკური, სამეცნიერო, კულტურული და რეკრეაციული მნიშვნელობით;
• ასრულებს სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს კლიმატის ცვლილების შედეგების შემსუბუქებისა და ადაპტაციისათვის;
• იცავს ტერიტორიას დატბორვისაგან;
• წყლის „ბუნებრივი ფილტრია“;
• გადამფრენი ფრინველების დროებით საბინადრო, დასვენების და გამრავლების ადგილია;
• ეკოტურიზმის განვითარების პოტენციური ტერიტორია და სხვა.