ფოთში, შემეცნებითი საგანმანათლებლო პროგრამა ,,ხელოვნების ძალა“ მიმდინარეობს.
პროგრამა, 19-21 თებერვლის ჩათვლით, ქალაქ ფოთის აკაკი ჩხაიძის სახელობის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელში ხორციელდება და მასში ბავშვთა ცენტრში მყოფი მოზარდები მონაწილეობენ.
პროგრამა დაყოფილია სამ ნაწილად, კერძოდ:
19 თებერვალს – ბავშვთა სახლის მოზარდები სტუმრობდნენ ქალაქ ფოთის აკაკი ჩხაიძის სახელობის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელს, სადაც მონაწილეობა მიიღეს: ტიხრული მინანქრის, ხატვის, ფოტოხელოვნების და მინის დამუშავების ტექნიკის მასტერკლასში.
20 თებერვალს – სამხატვრო სასწავლებლის ხელმძღვანელი, მოზარდებს გააცნობს სასწავლებლის შესახებ მოკლე ისტორიას და არსებულ სპეციალობებს, დაათვალიერებენ სასწავლებლის საგამოფენო სივრცეებს.
21 თებერვალს – მოსწავლეები სურვილისამებრ მიიღებენ მონაწილეობას: ტანსაცმლის მხატვრული დამუშავების, კერამიკის და მხატვრული ქსოვის მასტერკლასში.
შემეცნებითი საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, ფოთის ბავშვთა ცენტრში მყოფი მოზარდების შემოქმედებითი უნარების განვითარება და წარმოჩენა. მათთვის კულტურულ ღონისძიებებში ჩართულობა. შემოქმედებითი აზროვნების უნარის, ემოციური სფეროს წარმოსახვისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება. ხედვის, სივრცითი წარმოდგენების, დაკვირვების უნარის, მხედველობითი მეხსიერების და ხელის მოტორიკის განვითარება. შრომითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, საკომუნიკაციო უნარების განვითარება, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა.