ფოთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ინტერმუნიციპალური პლატფორმის IV სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებზე დაფუძნებული ადგილობრივი პოლიტიკის ეფექტიანი შემუშავება განიხილეს.
შეხვედრა პროექტის „ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა ბავშვზე მორგებული სოციალური პროგრამირების განვითარებაში“ ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) ორგანიზებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით მოეწყო.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ქალაქ ფოთის მერის მოადგილემ, ლექსო თოდუამ, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, იესპერ მოლერიმ და ათეას აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ.
შეხვედრაში, რომელიც მუნიციპალური სოციალური სერვისების დაგეგმვის მექანიზმებზე მსჯელობასა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას დაეთმო, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ასევე სოციალური სამსახურებისა და ბავშვთა განყოფილებების უფროსები/სპეციალისტები იყვნენ ჩართულნი.
პროექტის ექსპერტმა, ნინო ზურაბიშვილმა, მონაწილეებს გზამკვლევი გააცნო, რომელიც მუნიციპალური სერვისების კუთხით ახალი სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის დანერგვის შესახებ, დეტალურ ინფორმაციას მოიცავდა.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ნატო ჩაფიძემ კი, პრეზენტაციისას, პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტებსა და წესებზე, მათ შორის, პერსონალური ასისტენტის შერჩევის კრიტერიუმებზე ისაუბრა. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც მონაწილეებმა, აღნიშნული მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და მათი აღმოფხვრის მიზნით, სხვადასხვა წინადადებები განიხილეს.