ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენლებს, პროექტის ,,შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ ხელმძღვანელს დოქტორ ოიჰანეს ბაქჰაუსსა და გრანტების, მონიტორინგისა და შეფასების კოორდინატორს ნინო გვასალიას შეხვდა.
შეხვედრაზე, პროექტის ,,შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც დოქტორ ოიჰანეს ბაქჰაუსმა აღნიშნა, პროექტი Creative Compass Georgia ოთხწლიანია და საქართველოს რეგიონული ქალაქების , განსაკუთრებით კი ინდუსტრიული და პოსტინდუსტრიული ქალაქების განვითარებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, პროექტი სხვადასხვა მიმართულების განვითარებაზე იმუშავებს, იქნება ეს დაფინანსების შესაძლებლობების შეთავაზება, შემოქმედებითი რესურსებისა და კულტურული მემკვიდრეობის გამოყენების ინოვაციური გზების გამოვლენა, ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესება თუ ადგილობრივი და საერთაშორისო კავშირების გაღრმავება.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება.