ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის N2 საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა ხელბურთის გუნდები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ!
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დასკვნით თამაშებში მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ჩემპიონებმა.
როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში ჩემპიონები გახდნენ ფოთის N2 საჯარო სკოლის გუნდები.
გოგონათა ნაკრებმა გუნდმა ანგარიშით 21:6 დაამარცხა გორის ღირსი მამა მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის გოგონათა გუნდი, ხოლო ვაჟთა ნაკრებმა გუნდმა ანგარიშით 19:6 დაამარცხა ყვარლის N2 საჯარო სკოლის გუნდი.
გამარჯვებულ გუნდებს მიღწეული შედეგი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ქალაქ ფოთის მერის მოადგილე ლექსო თოდუამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შალვა სარდალიშვილმა.
სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად, სექტემბერში, სუპერფინალურ თამაშებზე ნიკო ნიკოლაძის სახელობის ქალაქ ფოთის N2 საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა ნაკრები გუნდები დაუპირისპირდებიან 2023 წლის დასკვნითი თამაშების გამარჯვებულ გუნდებს.