✔ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მერი გოჩა კურდღელია,მერის მოადგილეები -კონსტანტინე თოფურია და პაატა ლაგვილავა შპს ,,საქართველოს მელიორაციის” ექსპლუატაციის დირექტორს გიორგი ხუბუას შეხვდნენ,სადაც მელიორაციის კუთხით ფოთში არსებულ საჭიროებებზე და ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს, რის შემდეგაც პრობლემური ადგილები დაათვალიერეს. ✔საქართველოს მელიორაცია ფოთში უმნიშვნელოვანეს პროექტს ახორციელებს. 60 წლის შემდეგ, მდინარე რიონის ქალაქში გამავალი არხი დანალექი შლამისა და ნატანისაგან გაიწმინდება. გაიწმინდება და აღდგება ნაპირდამცავი ჯებირები. არხი გაატარებს 400 კუბურ მეტრს წამში, რაც მნიშვნელოვანია რიონის ჰიდრო დინამიური რეჟიმის აღდგენის, შავი ზღვის სანაპირო ზოლის სტაბილიზაციის და წყალდიდობის პრევენციის მიზნით. ქალაქ ფოთში გამავალი მდინარე რიონის არხის რეაბილიტაციის დეტალური საინჟინრო პროექტის შედგენაზე ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც საქართველოს მელიორაცია სამუშაოების შესრულებაზე ტენდერს გამოაცხადებს. პროექტის ფარგლებში, ე.წ. მეშვიდე კილომეტრიდან ზღვამდე რიონის ფსკერის გაწმენდა მოხდება, ასევე ზღვის შესართავთან რიონის, ამჟამად მოსილული მარცხენა შტოს გაწმენდითი სამუშაოებიც განხორციელდება. პირველ ეტაპზე რიონის ტომოგრაფიული გადაღება მოხდება. იმის დასადგენად, თუ სად არის დალექილი ტერიტორიები და რა მოცულობის სამუშაოებია შესასრულებელი.