🔹დიდი ქართველი პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწის, ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნის ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 176 წელი შესრულდა. ფოთში ქალაქის აღმშენებლის, ქალაქის თავის, დიდი ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 176 წელი აღინიშნა. 🔹ფოთის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის სამრევლო დარბაზში ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების პრეზენტაცია შედგა. ნიკო ნიკოლაძის საზოგადოებას ქალაქ ფოთის მერის ყოფილი მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი ჩაუდგა სათავეში, რომელიც ამჟამად არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობს. 🔹საზოგადოების დაარსებას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები, ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მკვლევარები დაესწრნენ. 🔹დღესვე ქალაქის მერიისა და APM Terminals ფოთის წარმომადგენლებმა ნიკო ნიკოლაძის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს. ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანების დარბაზში, ლიტერატურული სალონი “გულის სამელნეს” ორგანიზებით, ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და ფოტო გამოფენა გაიმართა. 🔹ქართველი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, რევოლუციონერ-დემოკრატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სამოციანელთა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი და ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი ნიკო ნიკოლაძე დაიბადა 27 სექტემბერს 1843, დიდი ჯიხაიშში. 🔹ნიკო ნიკოლაძე 1894 წლის 18 სექტემბერს ფოთის ქალაქის თავად აირჩიეს. 🔹1897 წელს ნიკოლაძის უშუალო ხელმძღანელობით მიიღო ნავსადგურის გადაკეთების ნებართვა და იწყება ფოთის პორტის აღმშენებლობა. ამ მიზნით გამოყოფილ იქნა 3 953 000 მანეთი. ქ. ფოთისა და მისი პორტის ღირსშესანიშნაობათა ლომის წილი სწორედ ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება. მისი პროექტით განხორციელდა ფოთის დაგეგმარების შემუშავება, აიგო სამოქალაქო და სახელმწიფო შენობები, ხიდები, მონუმენტური ეკლესია.