ფოთის ა(ა)იპ სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ პოსტზე მარინე ზარანდია დაინიშნა. ქალაქის მერის მოადგილე პაატა ლაგვილავამ ახალი ხელმძღვანელი დღეს თანამშრომლებს წარუდგინა. პაატა ლაგვილავამ ყოფილ ხელმძღვანელს მარგო ჯანიაშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ უფროსს წარმატებული საქმიანობა უსურვა. მარინე ზარანდიას საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში მუშაობდა ქალაქ ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურში ჯანდაცვის განყოფილების უფროსად, შემდეგ კი სამსახურის უფროსის მოადგილედ. 2010-2011 წლებში კი ფოთის სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებას ხელმძღვანელობდა. იყო თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, 2016 წლიდან კი მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ბიუროს ხელმძღვანელი.